გიორგი გახარია - შს სამინისტროს სისტემაში ხელფასების გაზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელებისა და შსს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2018 წელს გარკვეულწილად მოხერხდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.
„ხელფასების ზრდა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური კომპონენტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაგალითები. ბინათმშენებლობით დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ა.შ. ამ მიმართულებით რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიანი პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას”, – განაცხადა გახარიამ.