გიორგი გახარია - შს მინისტრად მუშაობის დროს ნათლად დავინახე, რას ნიშნავს რიგითი მოქალაქისთვის ჰუმანურობის ის ხარისხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა
„ქართული ოცნების“ ყველაზე მახასიათებელი ნიშანი არის მზრუნველობა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, ამას ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, რატომ „ქართული ოცნება“.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შს მინისტრად მუშაობის დროს ნათლად დაინახა, რას ნიშნავს რიგითი მოქალაქისთვის ჰუმანურობის ის ხარისხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში.
„ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტსაც გეტყვით, ჰუმანურობის ეს ხარისხი ეფექტურობას ცოტა აზიანებდა, მაგრამ წინა წლების განმავლობაში ისეთი დათრგუნული იყო საზოგადოება, სოციალური ქსოვილი ამ ქვეყნის, რომ ჰუმანურობის ეს ხარისხი იყო აუცილებელი ჟანგბადი, რათა ადამიანს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ ეგრძნო თავი. რაღაც მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ჰუმანურობასთან ერთად ეფექტურობის ხარისხიც თუ არ გავზარდეთ, ეს ჩვენი მოქალაქე მოვა და მომკითხავს. ამ მოკითხვის ფასი დღეს და აქ იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, რადგან მოქალაქეს უკვე გამოხატვის თავისუფლება აქვს უზრუნველყოფილი, მედია არის თავისუფალი, პენიტენციური სისტემა სულ სხვანაირად ფუნქციონირებს, საერთაშორისო დონეზე საქართველოს პროგრესი და ვალდებულებები ბევრად უფრო დიდია, საპარლამენტო სისტემა არის ბევრად ღია და ტელევიზიის დაარსება ქვეყანაში შესაძლებელია 24 საათში. თავისუფლების ხარისხი ამ ქვეყანაში არის ისეთი, რომლის შეზღუდვაც პრაქტიკულად არის შეუძლებელი. საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი ნაწილია ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ეს ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებმაც უკვე იგრძნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობა და, რომლებმაც ნაწილობრივ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყნისთვის 2012 წლის შემდგომ, რვაწლიანი მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მიეცა და სწორედ ამ სტაბილური, მშვიდი განვითარების შემდგომი გაგრძელება უნდა იყოს 2020 წლის არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა, მომავალი ოთხი წელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დახარჯული სრულად კონცენტრირებულად ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქის შემოსავლების ზრდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური განვითარების გარეშე უკიდურესად რთული იქნება. ამიტომ ჩვენ დემოკრატიზაციის პროცესში, რაღაც მიმართულებებით, ვიწყებთ ეკონომიკურ განვითარებას. ახლა ჩვენი, სრული, კონცენტრირებული მუშაობა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რათა ქართული ეკონომიკა, ევროპული ეკონომიკის ნაწილი გახდეს. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა იყოს იმდენად დინამიური, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ასე ხშირად საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენი განათლების სისტემა უნდა იყოს ბევრად უფრო ორიენტირებული იმ ბიზნესის, ეკონომიკის მოთხოვნებზე, რომელიც არსებობს და კიდევ ბევრი ზრდის წერტილები გვაქვს, რომელზეც ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.