გიორგი გახარია - შრომა უნდა იყოს დაფასებული, ქვეყანაში არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონოდ და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს
შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონოდ, დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
გახარიას თქმით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ფერმერების დახმარებას.
„კახეთის ამ რეგიონში შრომა რაღაც ფუჭი სიტყვა არ არის. ამის დასადასტურებლად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. 2012 წელს კახეთში წარმოებული იყო 52 ათასი ტონა ყურძენი. 2019 წელს კი ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ – 278 ათასი ტონა ყურძენი. ხუთჯერ მეტი, ხალხო, ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი და 2020 წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათასს ტონა ყურძენს.
შემდეგ, ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი არ არის. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე ეხმარებოდა სახელმწიფო გლეხს, ფერმერს, ასევე გააგრძელებს ამ დახმარებას. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი წლევანდელი რთველი იქნება. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იყო ატამი, რომელიც წელს იყო წარმოებული და ჩაბარებული. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის მოსავალი, რომელსაც წელს, გორის რეგიონებში ვაშლის მოსავალის სახით მივიღებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონოდ და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.