გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასოდეს იქნება მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ფართო გამოყენების მომხრე
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასოდეს ვერ იქნება მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ფართო გამოყენების მომხრე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს პოზიცია ჩვენ გვიჭირავს და ყველგან დავაფიქსირებთ. ჩვენი მიდგომა არ არის, რომ ერთი კონკრეტული, რამოდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. არ, ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ასეთ აქცენტებს, ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ”, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, გახარია ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმკაცრესი ღონისძიება უნდა გატარდეს და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს გამოძიება.
„მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია, ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე და უვადო პატიმრობას. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი”, – განაცხადა გახარიამ.