გიორგი გახარია - შიდა ტურიზმის გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველას გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, შიდა ტურიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც საქართველოში 15 ივნისიდან იხსნება.
მისი თქმით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რაც მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მეტი მოგზაურობის საშუალებას აძლევს.
„აძლევს დასვენების შესაძლებლობას, ისევე, როგორც ტურისტულ სექტორს აძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად აღდგეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ბიზნესოპერატორს, მოქალაქეებს მართებთ უკიდურესი სიფრთხილე.
მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორ იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ეტაპობრივად ამოქმედებას. ორმხრივ შეთანხმებებზე აქტიურად მუშაობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა გახარიამ.