გიორგი გახარია - შეზღუდვების არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა იქნება მიზეზი, რომ შემდგომ ყველაფრის დახურვა მოგვიწიოს
შეზღუდვების სწრაფად მოხსნაში არავინ არის დღეს ისე დაინტერესებული როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად მე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების მოსახსნელად მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რადგან მათი ნაჩქარევად მოხსნა იქნება მიზეზი, რომ შემდეგ ყველაფერი ისევ დაიხუროს.
„არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფად მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად მე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესს ვმართავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ პირველ რიგში, შევძლოთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, რომლის მიხედვით, ექნება შესაძლებლობა, გონივრულად და თანმიმდევრულად ქვეყანა მივიდეს იმ მდგომარეობისკენ, რომ გაზაფხულის დასაწყისში ქვეყანამ ტურისტების მიღება შეძლოს.
„შემდგომ არის ეკონომიკის ის დარგები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთია ტურიზმი. ვასრულებთ გეგმას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ ნაბიჯები იქით, რომ რომ ნელ-ნელა ქვეყანა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაზაფხულის ბოლოს, გაზაფხულის დასაწყისში შევძლოთ ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური, ობიექტური და შეგვიძლია, გავაკეთოთ, ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ. არ უნდა ვიჩქაროთ მოკლევადიანი, სწრაფი შედეგების მისაღწევად, არ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ჩვენი კონკრეტული ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის იმ კომპანიების, რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული სხვა ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და არის დაცული. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერავის შეუზღუდავს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი. ეს მათი უფლებაა, მათი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ერთად ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად გახსნაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.