გიორგი გახარია - კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, აგროპროდუქტების წარმოება, შიდაწარმოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერების დასახმარებლად გარკვეული ღონისძიებები გატარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
ამიტომ, გახარიას თქმით, დღეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი წარმოადგენს პოსტკრიზისულ პროგრამას – „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“.
„გარკვეული ნაბიჯები ჩვენი ფერმერების დასახმარებლად გადავდგით, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, აგროპროდუქტების წარმოება, შიდაწარმოება.
„ეს ძალზე მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამას საკმაოდ სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. მოგეხსენებათ, დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა.
ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია, როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონებთან, ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქვს გამოწვევების და კრიზისების მართვის ძალიან კარგი გამოცდილება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გამოწვევა, როგორიც იყო მაგალითად ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან და სასოფლო-სამეურნეო ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, პრემიერის განცხადებით, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.