გიორგი გახარია - 150 ლარზე მეტი იქნება იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს
ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება.
„150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მეტსაც გეტყვით, რომ 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, უბრალოდ, ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარით დააფინანსებს, გახარია ამბობს, რომ ეს ძველი მონახაზი იყო და ტექნიკური შეცდომის გამო გამოქვეყნდა.
ამ კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, „150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია სავალუტო ფონდის გვერდზე, რატომ მოხდა, რომ ინფორმაცია ჯერ დაიწერა, შემდეგ კი ჩასწორდა“.
„ყველა ექსტრემალურ მდგომარეობაში მუშაობს, არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ყველა მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს იყო ვიდრე ასეთ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი, თვენახევრის, ორი თვის წინანდელი, სადაც, სავარაუდოდ, ვფიქრობდით, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო ერთჯერადად, თუმცა ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა, თან იმას ემატებოდა კიდევ სხვა რაღაცები. იქ იყო რამდენიმე მხრივ დახმარება, დღეის მდგომარეობით, ის გაიპარა, ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეალურად, ქევყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იყოს თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.