გიორგი გახარია - შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში
შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 42 წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების 42-ე წელს. 42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი საზეიმო წირვას პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.