გიორგი გახარია - შეუძლებელია, გავათანაბროთ ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობა, რადგან სრულიად სხვადასხვა რანგის დანაშაულია
შეუძლებელია, გავათანაბროთ ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობა, რადგან ეს სრულიად სხვადასხვა რანგის დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გახარიამ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ ახალ კანონზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მკაცრი კანონი ნარკოტიკის შემთხვევაში და არა ალკოჰოლის შემთხვევაში, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ შეუძლებელია ამ ორი დანაშაულის გათანაბრება.
„ამ ნაწილში, ერთადერთი, რის გასწორებაც შეიძლება, არის ის, რომ სიმთვრალის ნაწილიც გავამკაცროთ, რადგან აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად, ნარკოტიკული თრობა რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან, შეუძლებელია. ამიტომ, რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მძღოლს პატრულ-ინსპექტორი გააჩერებს, პირველი, რასაც შეამოწმებს, არის ალკოჰოლური თრობა. მხოლოდ შემდეგ გადავა ნარკოტიკულ თრობაზე. ამაშიც არის თავისი ლოგიკა. შესაბამისად, ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულება ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივყვებით ამ გზას. შეუძლებელია, დღეს გავათანაბროთ ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საერთოდ სხვადასხვა რანგის დანაშაულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.