გიორგი გახარია - შეუძლებელია, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს და მტერს, მოღალატეს ეძახდეს, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
შეუძლებელია, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს და მტერს, მოღალატეს ეძახდეს, ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობისკენ მოწოდება დასაგმობია.
„ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ქვეყანაში, ისტორიულად ასე იყო და ასე იქნება. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მამაოების გამოთქმებით ეკლესიაზე განზოგადება არ შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება თუ სხვა ინსტიტუციებიდან, ნებისმიერი სახის ძალადობისკენ მოწოდება, რა თქმა უნდა, დასაგმობია. უბრალოდ, შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ვინმე, განსაკუთრებით ეკლესია ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური ძალადობის საშუალებით რაიმე მიზნის მისაღწევად. მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობაში და ეკლესიაზე განვაზოგადოთ. ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს, მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ, ასე არ შეიძლება. ესაა, რასაც ვცდილობთ, რომ პოლიტიკურ ველზე გავაკეთოთ. შეუძლებელია, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს და მტერს, მოღალატეს ეძახდეს, ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, რადგან ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს ცალკე აღებული, განზოგადებული ოპოზიცია. საბოლოოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციისგან, მათ შორის ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობის მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასდროს განხორციელდება სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ხომ ყველას გვინდა, 21-ე საუკუნეში ძლიერ, წარმატებულ სახელმწიფოში ეკლესიაც, სამოქალაქო საზოგადოებაც ძლიერი გვყავდეს. ჩვენ თუ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ, ერთმანეთის ინტერესი არ გავითვალისწინეთ, არაფერი გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.