გიორგი გახარია - შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა
შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ცხრათვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
„დეპარტამენტის ფუნქციებად ჩვენ მაშინ გამოვკვეთეთ: ქალთა მიმართ ძალადობის, ყველა სახის სიძულვილით და დისკრიმინაციის საფუძველზე დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის და სხვა სახის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშულით პრევენციის და მათი გამოძიების ხარისხის ამაღლება. ჩვენთვის ეს გახლავთ კრიტიკული მნიშვნელობის თემა. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას აქვს სამოქალაქო-სოციალური დატვირთვაც. ეს უბრალოდ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს მიანიშნებს. შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის ცხრა თვეში – 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1 986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოიცა 4370 შემაკავებელი ორდერი, 2018 წელს კი – 5472; ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო – 9%, 2018 წლის ცხრა თვეში – 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) – 4%;
რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის. შსს-ის ინფორმაციით, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი გრძელდება.