გიორგი გახარია - შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე
შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, ჩვენი პოლიციიდან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და მასაში 30 პოლიციელი, შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე, გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის, მინისტრის კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია, კონკრეტული ნაბიჯების რა საპროგნოზო მონაცემები არსებობს.
„მასში დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა, ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით, რა ლოკაციებზე, რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობით იმყოფება, თუმცა ყველას კარგად გვესმის, არავინ ელოდა, თქვენ ხომ გახსოვთ, როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წინ უკვე ფარებით გადმოგვეწია. თავიდან იქ ჩვეულებრივი პოლიცია იდგა. ამის შემდეგ გაიცა ბრძანება, არანაირი სპეციალური საშუალებები არ გამოეყენებინათ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორი საათი. მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი, მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციიდან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და მასაში 30 პოლიციელი, შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე, მაგრამ აგიხსნით, რატომ – 19:00-დან 22:00 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი, 22:00 საათის შემდეგ დაიწყო შტურმი, ერთხელ გაარღვიეს, შემდეგ შეიცვალა პატრული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ ფარებით აღჭურვილიდა ამ დროიდან დაახლოებით ორსაათნახევარი, სანამ მათ შეძლეს გაემაგრებინათ ეს პოზიცია და იძულებული არ გახდნენ, რადგან გაჩნდა არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების სიცოცხლის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი. სპეციალური საჭიროების გამოყენების ბრძანება შეიძლება მანამდე უნდა გაცემულიყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.