გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ
სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და,ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთები ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ ადამიანის ტრაგედიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.
„ეს თემა დავხურეთ, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.
ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელიც, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზეც კი სასწრაფოდ უნდა იყოს პასუხები გაცემული. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ჩვენი გაკვეთილებით უნდა ვისწავლოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.