გიორგი გახარია - სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7 %, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
„სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს – პირბადის ტარებას, დისტანციას და ა.შ. მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს. პირველი ტალღის დროს და დღემდე, ჩვენს ბიზნესთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან, ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მინიმუმამდეა დასული. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე, რეგიონში და ფართოდ რეგიონის მასშტაბით, იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.