გიორგი გახარია - შეჭირვებულ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებსა თუ ჯანმრთელობის მართვაზე
სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მისი თქმით, ეს სფერო მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას და განათლებას და გაერთიანებულია, რამდენადაც, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებსა და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება.
„ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება თანმიმდევრული და იმის შინაარსობრივი გაგრძელება, რაც დაწყებული იყო ბოლო რვა წლის განმავლობაში. თუმცა, პარალელურად, როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, გახარიას თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაწყებულია და შედეგად მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
„ეს პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულებს, არ ჰქონდეთ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე თუ ჯანმრთელობის მართვაზე. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმა იმ ნაწილში, სადაც ეს საჭიროა. ამ ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ეს პირდაპირ გვაჩვენა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლამ, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი აღმოჩნდა უაღრესად მნიშვნელოვან, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. სოციალური დახმარების ნაწილში შეფასების მეთოდოლოგიის და შემწეობის გაცემის ნაწილი იქნება პრიორიტეტული ამოცანა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა ამ მუშაობის დასრულებაში, თუმცა 2021 წელს ეს მუშაობა სრულად დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფრო სწორ მეთოდოლოგიას სოციალურად დაუცველთათვის მიზნობრიობის ხარისხის განსაზღვრისთვის, ისევე, როგორც იმ დახმარების მოცულობის თვალსაზრისით, რომელზეც ჩვენ უკვე ვმსჯელობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.