გიორგი გახარია - სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ
მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ პროცესში ეროვნული ბანკის, მთავრობის, ბიზნესსექტორის და სისტემური ბანკების კოორდინირებული მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გამოწვევის დაწყებამდეც იყო ორგანიზებული და ეს სისტემური მიდგომა გრძელდება.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კრიზისი არ გადაედოს ინფლაციურ და კურსის პრობლემებს და ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს გლობალური პრობლემაა და ჩვენთვის – სისტემური. კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევის კომპონენტი ჩვენს ეკონომიკურ პაკეტში უკვე არსებობს. ჩვენ ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტზე ძირითად მომწოდებლებს კურსთაშორისი სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე ეკონომიკაში ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. მსგავსი მიდგომა შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებენ ან ახლა იგებენ ტენდერებს, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.
კურსთა შორის სხვაობამ და სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით სისტემურ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით და კურსთაშორისი სხვაობის რისკს ჩვენ აქაც დავაზღვევთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. ეს ის მიდგომაა, რომლითაც ჩვენ როგორც კომპანიებს, ასევე კონკრეტულ მოქალაქეებსაც მივეხმარებით. აქ ვგულისხმობ იგივე კომუნალური გადასახადების ნაწილს, ხოლო შემდგომში იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შესაბამისად – შემოსავალი. ეს არის ის, რითაც ჩვენ უნდა დავუზღვიოთ ჩვენს მოქალაქეებს ორი რამ – დაკარგული სამუშაო ადგილი და შემოსავალი და კურსთა შორის სხვაობა, რომელიც შექმნილია გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გამო“, – აღნიშნა პრემიერმა.