გიორგი გახარია - სატრანსპორტო თვალსაზრისით ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება, თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი
სატრანსპორტო თვალსაზრისით ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება, თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიღწევა პანდემიის მართვის კუთხით უნდა იყოს დაფასებული და საერთაშორისოდ აღიარებული, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი რამ ვიცოდეთ, დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის. დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. ერთი რამე გაითვალისწინეთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, რეისები რატომ გადადეთო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით იდგმება და მიზეზი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში ბევრგან სერიოზული აფეთქებაა. ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და არაფერი ჩვენ ურთიერთობებს ევროკავშირთან, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება, კიდევ მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებული არის, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობითა და იმ მიღწევით, რომელიც ჩვენ გვაქვს. როდესაც რეგიონისგან განსხვავებით ჩვენთან ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრით არის განსაზღვრული, ზოგიერთ ქვეყნებში ასობით არის ყოველდღიურად, ეს უნდა გავითვალისწინოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა, ასევე საზღვრების ეფექტური კონტროლი და საკარანტინო მექანიზმების ეფექტური კონტროლი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.