გიორგი გახარია - საშუალო განათლების სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
საშუალო განათლების სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლოს და ბოლოს, ეს ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებენ როგორც განათლებით, ასევე ფასეულობებით ევროპულ სტანდარტს. ეს არის მაგალითი იმის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გრძელდება, ღრმავდება და ჩვენ რეალურ, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ წინ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„დღეს სასწავლო წელი დაიწყო და მინდა, მივულოცო თითოეულ სკოლის მოსწავლეს სწავლის დაწყება. ხაზგასმით მინდა, მივულოცო პირველ კლასელებს. მინდა, ვუსურვო მათ წარმატეტები, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ევროპული ფასეულობებით ისინი ემსახურონ ჩვენი ქვეყნის ევროპულ დიდ ოჯახში ერთად შრომას და განვითარებას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩადეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.