გიორგი გახარია - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე, უმჯობესია მსჯელობისა და დასკვნებისგან თავი შევიკავოთ.
“ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულობა გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს არის მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და ექსპერტიზების ის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია, ალბათ ჯობია, მსჯელობაზე თავი შევიკავოთ. საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს”,- აღნიშნა გახარიამ.