გიორგი გახარია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მსგავს განხილვებში შესულიყო
საქართვლოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების, საკონსტიტუციო ცვლილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია.
„რაიმე სახით ამ შეთანხმების, ამ საკონსტიტუციო ცვლილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი“ ,- აღნიშნა გახარიამ.
რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, რაზეც ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, გახარიას განმარტებით, ის ყველაზე დიდ პატივს სცემს ინსტიტუტებს და მსგავსი მოთხოვნის დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფად მიაჩნია.
„მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავი მოთხოვნების დაყენება, უბრალოდ შეუძლებელია. ჯერ ერთი ვადასტურებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი.
ან შეიძლება ვიღაცა ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი თემები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მსგავს განხილვებში შესულიყო ან საერთოდ სადმე ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.
ეს არის ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი პოზიცია. ასე რომ, ვთვლი, რომ საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით ჩემთვის არის პერსონალურად მიუღებელი. რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული.
ამის შემდეგ ვიღაცა აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არ გამოშვება, იყო პოლიტიკიური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ. ყველა მათ, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, მოვუწოდებ, უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.