გიორგი გახარია - საქართველოში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა ვითარებას სრულად აკონტროლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.
გახარიას თქმით, მთავრობის ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერებიც, თუმცა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პირველ რიგში მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
„დღეის მდგომარეობით, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ ინფიცირებულებს რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ დღეს რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ისე მხარდამჭერები. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ დღეს დილით ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, ამ საბჭოს შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს გლობალურადაც და რა თქმა უნდა, საქართველოშიც“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვითარება სრულად კონტროლდება.
„პირველი, რისი თქმაც აუცილებელია და რაც უნდა გითხრათ, დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებებში არ უნდა გამოვავლინოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ წესების, რომელიც ერთად მივიღეთ ყველამ, მათი აღსრულების საქმეში დისციპლინა.
ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ დღესაც გავიმეორებთ, რომ გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი, რასაც ჩვენ ვეძახდით: ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა, და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქის სწრაფად, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.