გიორგი გახარია - კორონავირუსის გავრცელების პიკს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა ყველანაირი პროგნოზი პირობითია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, ყველანაირი პროგნოზი პირობითია.
პრემიერის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტრებასთან დაკავშირებით ალგორითმის შეცვლა რისკების შეფასებას უკავშირდება.
„ეს უკაშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია პირველ რიგში რისკების შეფასებასთან და ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან. ქვეყანაში მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა პიკს ველოდებით სადღაც აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისისკენ, სადღაც ამ პერიოდში. თუმცა ყველას კარგად უნდა გავესმოდეს, ეს ისეთი გამოწვეაა დღეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორის ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება სამწუხაროდ, ჯერ არ გაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.