გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე, მონიკა ლენჰარდი და საქართველოში გერმანიის პოლიციის ატაშე, შტეფან ელერტი.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს და თბილისში გერმანიის პოლიციის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას.
მხარეებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
გიორგი გახარიამ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.