გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გაწია და ჩვენ, დღეს უკვე გვაქვს გარკვეული ციფრები ცხელი ფულის, სწრაფი დახმარების კუთხით საქართველოსთვის, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ევრო. ასევე, მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელმაც ასევე სწრაფად იმოქმედა და სწრაფი დახმარების ნაწილში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. ეს დახმარება ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს, დაპირება გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში, ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში.
„ნდობა არსებობს. ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაციაში ვართ და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. მე არ დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს. ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ კარგად მივდივართ და ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნება ბიუჯეტისთვის ისევე, როგორც სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების ნაწილში. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის კრიზისში სწრაფი დახმარების ნაწილი. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენ უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში. საქართველოს ეკონომიკა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წელს და ამ წლის პირველი ნაწილი, ძალიან კარგად ვითარდებოდა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ძალიან კარგი შეფასებები მისცა წლის დასრულებას, წლის დასაწყისს. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლასაც, ამ კრიზისსაც ვუმკლავდებით და ვინარჩუნებთ ეკონომიკის პოტენციალს და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ფინანსური დახმარება, ეს იქნება დახმარება პოსტკრიზისულ პერიოდში მაში, როდესაც დაგვჭირდება სწრაფი აღდგენა ეკონომიკის და სამუშაო ადგილების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.