გიორგი გახარია - საქართველოში ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას
გიორგი გახარია - საქართველოში ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას

საქართველოში ეკონომიკური განვითარების ყველა მუხრუჭი უნდა მოიხსნას, რა სახისაც იქნება იდენტიფიცირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად უნდა იქცეს.

„საქართველოში ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას, რა სახისაც იქნება იდენტიფიცირებული. ჩვენი ძირითადი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, არამედ მათ შორის უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად, ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, დამწყები კომპანიებისთვის კაპიტალზე წვდომა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რაც უნდა მოგვარდეს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დამწყები კომპანიებისთვის კაპიტალზე წვდომა არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა მათი განვითარებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, იქ სადაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, უნდა მოვაგვაროთ, მათ შორის საბანკო სექტორში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე – არიან თუ არა ბანკები ბიზნესის განვითარების მუხრუჭი, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არიან, ზოგიერთ შემთხვევაში – პირიქით.

„ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში არის, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში პირიქით, არის საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის განვითარების. აქ ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება საუბარი. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის კომპონენტში აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება, განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 12 აპრილს განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას არ იძლევა.