გიორგი გახარია - საქართველოს შეუძლია, შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში, იყოს ეფექტური პარტნიორი სტრატეგიული პარტნიორებისთვის
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად, ვგულისხმობ უსაფრთხოების საბჭოსა და მის აპარატს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2017-2018 წლების განმავლობაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და 2018 წელს უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდგომ, ამ მიმართულებით შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, რომელიც აღმოიფხვრა უსაფრთხოების საბჭოს შექმნით.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს საბჭო იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელსაც ექნება ძალზედ მძლავრი ანალიტიკური აპარატი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც ძალზედ ხანმოკლე მუშაობის გარკვეული შედეგი, შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის მიმართულებები, რომელზეც ეს აპარატი მუშაობს – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ იყო აქტუალიზებული და დღეს საბჭო ამაზე მუშაობს; საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია; გაჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მათთან თანამშრომლობის თვალსაზრისით უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი განზომილება – კიბერუსაფრთხოება, რომელი მიმართულებითაც ჩართულია არა მხოლოდ უსაფრთხოების საბჭო, არამედ ქვეყნის სპეციალური სამსახურები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო თავისი მიმართულებით. კიბერუსაფრთხოება ხდება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება, ისევე, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საჭირო და აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული, აბსოლუტურად ეფექტური სია, სტანდარტები და კრიტერიუმები არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ; და რა თქმა უნდა – ჰიბრიდული საფრთხეები. ეს არის ის მიმართულებები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, სადაც საქართველოს შეუძლია შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაში იყოს ეფექტური პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.