გიორგი გახარია - საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ გლობალურ სამყაროში აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის არამარტო შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არის.
გიორგი გახარიამ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების განვითარებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ საკითხში, საქართველო დღეს წარმოადგენს სანდო და მყარ პარტნიორს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი განმარტებით, საქართველო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის – ტრასეკას წევრია მისი დაარსების დღიდან. ამასთან, 2016 წელს საქართველო შეუერთდა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და მას შემდეგ, აქტიურად თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან.
„აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად, საქართველო ასევე ჩართულია სხვადასხვა ინიციატივაში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით, როგორიცაა შუა დერეფანი, „ლაპის ლაზული“ (Lapis Lazuli corridor) და სხვა.
საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც არის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მაღალ ჩქაროსნულ ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები.
„ასევე აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს შავი ზღვისპირეთში, ჩვენი ნავსადგურები, როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.
„მოგეხსენებათ, ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთი მხრივ, ჩინეთთან, მეორე მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ფორუმზე გამოსვლისას.