გიორგი გახარია - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი
გიორგი გახარია - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.

„კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აქვს დღეს, არ ქორია არასოდეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს არ ქონია არასოდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში.

„რაც მეტ შედეგს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ, მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალურია, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამას გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.