გიორგი გახარია - საქართველოს მტერს ყოველთვის საკადრის პასუხს გავცემთ
საქართველოს მტერს ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვას, შემოუშვებდა თუ არა გავრილოვს საქართველოში.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიცის წლების განმავლობაში გავრილოვის თემით სპეკულირებს, ეს არის პრობლემა.
„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გავრილოვი ამ სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ვუმეორებ ქალბატონ სალომე სამადაშვილს, რომელმაც პოლიტიკურ და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის სხვაობა, როგორც ჩანს, არ იცის. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ბატონებმა, რომლებიც სისხლის სამართლის წინაშე პასუხს აგებენ. სასამართლო პროცესები ჩატარდა და ვიღაცამ იკითხა აქ კიდევ. განათლება, იურისტობა კი არ უნდა, ელემენტარული რაღაც ცოდნაა საჭირო, რომ სასამართლო პროცესები დასრულდა. ხალხმა აღიარა, რომ პარლამენტის შტურმში იღებდა მონაწილეობას. იმის დროც მოვა, რომ გამოძიებით დადგინდება, ამ შტურმის ორგანიზატორები ვინ იყო. რამდენიმე საიდუმლოს გაგანდობთ. ამ შენობაში მე მარტო კი არ ვიყავი. ამ შენობაში, მესამე სართულიდან იცით რა კარგად ჩანდა ეს ყველაფერი? იდეალურად ჩანდა სახეებით, ფოტოებით. ჩვენმა მოსახლეობამ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ნახა. ამასთან ერთად, რა მახსოვს იცით, შსს მინისტრი ვიყავი მაშინ, ამის შემდეგ ერთი აქცია იყო, აქეთ მხარეს იყო ოპოზიცია, იყო რისკები. მახსოვს ზოგიერთი ოპოზციის წევრის, გვარებს არ დავასახელებ, გაშმაგებული სახე, რომელიც იძახდა, რომ ესენი ახლოს თუ მივლენ და ერთმანეთს ხელს თუ დაარტყამენ, ეგ გვინდაო. ეს ყველაფერი არსად წასულა, ამას ყველაფერს კადრებიც ახლავს, ხალხიც იმახსოვრებს და ისტორიაც იმახსოვრებს, გაითვალისწინეთ ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.