გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „შეზღუდვების პერიოდში როგორ მოხდება დეპუტატების შეკრება საკანონმდებლო ორგანოში და ნებადართული იქნება თუ არა საპროტესტო აქციები“. გახარიას თქმით, მთავარია, ყველამ წესები დაიცვას.
„დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემის გარეშე, არანაირი შეზღუდვა გადაადგილებებზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი ველოსიპედით, არ ვიცი, შეიკრიბებიან. არამგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის.
რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ეპიდემიოლოგები სხვადასხვა თავყრილობას ერთმანეთს ადარებენ. არ ვიცი, რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის. გავრცელების თვალსაზრისით, არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600-კაციანი სუფრების, არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. არსებობს მარტივი გამოსავალი – პირბადე, წესების დაცვა, ელემენტარული დისტანცია, არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.