გიორგი გახარია - საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს
მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონს, რომლის წყალობითაც ჩვენი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც მთავრობის მეთაურის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა,“ – აცხადებს გიორგი გახარია.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაური თავდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით დოკუმენტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.