გიორგი გახარია - საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის ბოლო წლებში მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის დადასტურება
საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული.
„მსურს, აღვნიშნო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტშია ხაზგასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც ამ აქტში იყო გამოთქმული შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქტის ეკონომიკური კომპონენტი, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულიად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ იმავე შემართებით, კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.
ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.