დღეს, როგორც არასდროს, დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის ქვეყნებს და დადგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე. ამ კონტექსტში ნატო-მ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი უნდა შეასრულოს. ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთი, მისი როლი და ვალდებულებები, – ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, საქართველო არის ნატო-სა და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს, გამომდინარე მისი უნარიდან, შეუძლია, წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე საერთო მოწინააღმდეგეების შეკავების საქმეში.
„თავისუფალი სამყაროს ამ საერთო ხედვის ფარგლებში საქართველო მზად არის და შეუძლია, იყოს პარტნიორი. „ქართული ოცნების“ მთავრობა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, ჩვენი თავდაცვის, სამხედრო უნარებისა და შესაბამისი შესაძლებლობების შემდგომ განმტკიცებაზე, ნატო-ს ჯარებთან ურთიერთქმედების გაღრმავებაზე. საქართველოსთვის დიდი სარგებელი მოაქვს საერთაშორისო წვრთნებს და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მხრიდან. როდესაც ვლაპარაკობთ რეგიონში არსებულ საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ, რომელშიც საქართველოს უწევს არსებობა, ჩვენ ვგულისხმობთ შავი ზღვის ფართო რეგიონს და შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საქართველოსთვის არსებითია, რომ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა აღიარებული იყოს ჩვენი უახლოესი პარტნიორების მიერ. შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულადაა განლაგებული ევროპას, ევრაზიასა და შუა აღმოსავლეთს შორის. შესაბამისად, ამჟამინდელ სტრატეგიულ, სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციას შავი ზღვის ფართო რეგიონში სერიოზული უარყოფითი შედეგები ექნება ყველა ევროპული და ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის. საქართველო არის ნატო-სა და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში“,- წერს გიორგი გახარია.
გიორგი გახარიას თქმით, ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფასდაუდებელს უწოდებს ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერას როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტს, რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო შავი ზღვის რეგიონის დაცვაში.
„მოსკოვი ამჟამად მთელ რეგიონში იყენებს სხვადასხვა ჰიბრიდულ ინსტრუმენტსa და ტაქტიკას. მიზანი მარტივია: ამ ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავლენის მოპოვება, დასავლეთთან მათი დაახლოების შეჩერება და რუსეთთან მიმართებაში დაუცველობის გრძნობის გაღვივება. ამ მიზნით, რუსეთი იყენებს სამხედრო ძალას, კიბერსივრცეს, საინფორმაციო ომს, თავსმოხვეულ დიპლომატიას, ტერიტორიული კონფლიქტებით მანიპულაციას, ენერგეტიკული სისუსტეების ბოროტად გამოყენებას, ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას და ბევრ სხვა ჰიბრიდულ ტაქტიკას. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, წინ აღუდგეს ამ აგრესიას. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენი საჯაროდ გაცხადებული მიზნისგან დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით. ეს გამოწვევები ახლახან იყო განხილული საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. ორივე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, წინ აღუდგეს ამ აგრესიას და უზრუნველყოს შავი ზღვის უსაფრთხოება. ეს კი მოიცავს პროაქტიულ ჩართულობას – მაგალითად, რეგიონის პორტებში სამეფო ფლოტის ხომალდების ხშირ ვიზიტებს. დღეს ომი მიმდინარეობს არამხოლოდ ბრძოლის ველზე, ფიზიკურად. ბრიტანეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არანაკლებ ყურადღებას უთმობს კიბერუსაფრთხოებას. საქართველოს ინფრასტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევების სამიზნე. ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა პირველ სექტემბერს, როცა სამიზნედ იქცნენ ჩვენი ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტები. საქართველო ამ ომის წინა ხაზზეა. რა თქმა უნდა, მსგავსი შეტევები გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის და COVID-ის ვაქცინაზე მომუშავე ინსტიტუტების წინააღმდეგაც ხორციელდება. ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე. ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი მიმდინარე რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო შავი ზღვის რეგიონის დაცვაში“, – წერს ბრიტანული გამოცემა.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიდერის ისტორიული როლის გათვალისწინებით, ითვლება რეგიონის კარიბჭედ, „ქართული ოცნება“ კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა აქციოს საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც.
„ქართველი ხალხის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის რეალური გარე საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატო-სკენ შეუქცევადია. ჩვენ, როგორც მთავრობას, ისე ქართველ ხალხს, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ამ პროცესს, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტნიორების წინაშე ლონდონსა და მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს გიორგი გახარია.