გიორგი გახარია - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ უკვე მთავარი ამოცანა დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.
„დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა არის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ, ვის მისცემს უკვე ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია.
მე დარწმუნებული ვარ და პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა.
გახარიას თქმით, მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
პრემიერმა ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და, საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ეს ვერავინ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით დაამტკიცა.