გიორგი გახარია - საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს
გიორგი გახარია - საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენენ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი გვაქვს და, რაც მთავარია, საინტერესოსთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გარდა ამისა, ვისაუბრებთ უკვე შემდგომი ნაბიჯების, ქალაქებში გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურიზმის მხარდაჭერის, ანტიკრიზისული მხარდაჭერისა და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის განხილვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები.

„ყველას კარგად გვესმის, რომ უკვე სამი-ოთხი თვეა, ერთდროულად ორ ფრონტზე ვიბრძვით – ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე, ეკონომიკის წინსვლა, ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების, უსაფრთხოების დაცვით, რომელიც გვექნება უახლოესი დღების განმავლობაში ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.