გიორგი გახარია - საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი – დავიცვათ წესები, მეორე – ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს, რათა გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში სწრაფად დაბრუნება. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს. ამიტომ, გიორგი გახარიას თქმით, წესები უნდა დავიცვათ.
„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.