გიორგი გახარია - საპენსიო ფონდი არის ჩემი მოქალაქის ხანდაზმულობის და მისი ნორმალური, სოციალურად უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის გარანტი
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე 10 პროცენტით შემცირდა, მაინც უკიდურესად დიდია და ამას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პრემიერის თქმით, საპენსიო ფონდის ეფექტურობის პროგნოზირებას 10 და მეტი წელი სჭირდება.
„მისი პროგნოზირების სიღრმე არის 10 და მეტი წელი. მეტსაც გეტყვით, დღეს მომგებიანობა ამ ფონდის, იმიტომ რომ განთავსებულია უაღრესად კონსერვატიულ ინსტრუმენტებში, მიუხედავად ამისა, არის 14 პროცენტი. რაც ცუდი არ არის. ფაქტობრივად თქვენ, კოლეგებო, გამოდიხართ და ამბობთ, რომ საპენსიო ფონდი გახსენით და ეს ფული რაღაცაში გამოიყენეთ, მაშინ როდესაც საპენსიო ფონდი არის ჩემი მოქალაქის ხანდაზმულობის და მისი ნორმალური სოციალურად უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის გარანტი და მე სხვა გარანტია არ მაქვს“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ოპოზიციას მოუწოდა, თუ დარწმუნებულები არიან საპენსიო ფონდის გახსნის აუცილებლობაში, თავად აიღონ პოლიტიკური რისკი და დაარეგისტრირონ ცვლილებები პარლამენტში.
„თქვენ თუ ასე ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ ეს საპენსიო ფონდი დღეს უნდა გავხსნათ, საპენსიო ფონდის ცვლილებას, ამ მიდგომას რასაც თქვენ ამბობთ. სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. ხო თვლით, რომ ეს მაგარი იდეაა? დაანიცირეთ, აიღეთ ეს პოლიტიკური რისკი თქვენს თავზე, დაარეგისტრირეთ პარლამენტში და თქვით, რომ ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვნახოთ, ვინ როგორ შეაფასებს ამას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.