გიორგი გახარია - ვიწყებთ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების მეორე ეტაპს
ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე, რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზე ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.