გიორგი გახარია - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ამ ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება – უკეთესია ოპოზიციისთვის.

„ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადგილია და მძიმე გამოწვევა. ეს, რაც ახლა ხდება ესეც უნდა გავიაროთ. ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა დაინახონ, ესეც ჩვენი მოსახლდელია, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ასეთი გამოწვევებია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, იმის მაგივრად, რომ ჩვენ გავერთიანდეთ ახლა უბრალოდ ვუყურებთ ელემენტარულ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანიც ნათელია და ზედაპირზეა. რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში, პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება, უკეთესია ოპოზიციისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არავის მისცემს უფლებას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე, ქვეყანა ვინმემ დაანგრიოს.

„საბოლოო ჯამში დაზიანებული სახელმწიფო და დაზიანებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რატომღაც კრიზისში მყოფი დღეს ემთხვევა ოპოზიციის ინტერესებს და ამას ეს ხალხი არ მალავს. ჩვენ ვამბობთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, წითელი ხაზი არის იქ, სადაც გადის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა და სიძლიერე, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე, ქვეყანა ვინმემ დაანგრიოს. მინდა ყველას მივცე 100%-იანი გარანტია, რომ ამის საშუალებას არ მივცემთ არავის და ამის საშუალებას ჩვენც არ მოგვცემს ქართველი ხალხი, ამომრჩეველი, რომელმაც ასეთი ბრძნული არჩევანი გააკეთა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.