გიორგი გახარია - სამწლიანი ცილისწამების მიუხედავად, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა და შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა
სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა მიუხედავად სიმართლემ მაინც გაიმარჯვა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას.
მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დენდროლოგიური პარკი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უნიკალურია.
„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა და მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენი მოქალაქეები თავისი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი. სიმბოლურია, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა და უნიკალური პარკი გაიხსნა. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე მაინც იმარჯვებს“,- განაცხადა გახარიამ.
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გუშინ გაიხსნა. პარკი დამთვალიერებლებს უფასოდ მასპინძლობს.