გიორგი გახარია - სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის
სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრტმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა 2019 წელი შეაჯამა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის მიმართულებით მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილები.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს. თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქვეყანას საკმაოდ კარგი ციფრები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5 %-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც. კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ტურისტული მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება.
„კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისთ. ციფრმა გადააჭარბა ცხრა მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმინოთ.
ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები – მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და ტურისტებს საქართველოდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და გვაძლევს შესაძლებლობას გავააქტიუროთ ის აქტივები, რაც აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თვის განმავლობაში მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.