გიორგი გახარია - სამთავრობო პროგრამა ოთხი ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება
სამთავრობო პროგრამა ოთხი ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამთავრობო პროგრამის მიმართულებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დღეს ნდობა გამოუცხადა.
„მოგეხსენებათ, რთულ, არაორდინალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ყველანი კარგად ვხვდებით, დროთა განმავლობაში, რომ „კოვიდ-19“, როგორც პანდემია, არ არის ის პრობლემა, რომელიც ერთ დღეში, ერთ თვეში, ან ერთ წელში მოგვარდება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება საკმაოდ დიდ ხანს. კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი უკვე გახდა სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის, გლობალურად და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო მარტო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ამიტომ სამთავრობო პროგრამის ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის, რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ.
მეორე ნაწილი – რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას, თავის განათლების ნაწილით.
მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაციის ნაწილი, მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა და მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, ეს არის მმართველობითი სისტემა.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანზე და მოქალაქეზე ზრუნვა“,- განაცხადა პრემიერმა.