გიორგი გახარია - სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ამ თვალსაზრისით გვაქვს კონკრეტული გეგმა
სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ პირველ რიგში იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება ერთ თვესა ან ერთ წელში.
მისივე თქმით, შემდგომი წლები იქნება გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წლები.
„მოგეხსენებათ, გლობალურმა პანდემიამ სერიოზული გამოწვევებისა და გამოცდის წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი, მან, ფაქტობრივად, ყოველდღიური ცხოვრების წესი შეცვალა და ეს ეხებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უწყებებსაც. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება ერთ თვეში და ვერც ერთ წელიწადში. შემდგომი წლები იქნება თანმიმდევრულად პანდემიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წლები. ეკონომიკური თვალსაზრისით ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ პირველ რიგში იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელზეც გვექნება დეტალურად საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქ არის რამდენიმე პრინციპი, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი ეს არის – თავისუფალი ბაზარი და კერძო ინიციატივა, კერძო ბიზნესის განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კერძო ბიზნესს, ხოლო კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სულ უფრო და უფრო ამაღლებული. ძლიერი ქართული ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმატებული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ბიუჯეტის განხილვის პროცესშიც მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება, თქვენ ამას ნახავთ, სამთავრობო პროგრამის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მთავრობის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი არის ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა.
„განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობისა. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების. სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის მიმართულებითაც ჩვენ უაღრესად ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა იმ სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ პირველ რიგში მათი ეფექტიანობის, მართვის გაუმჯობესება, თუმცა ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი, თუმცა აუცილებელი ნაბიჯია, რათა გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.