გიორგი გახარია - სამინისტრო არის თქვენი სახლი, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, გამოგიწოდოთ თანადგომისა და ერთგულების ხელი
გიორგი გახარია - სამინისტრო არის თქვენი სახლი, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, გამოგიწოდოთ თანადგომისა და ერთგულების ხელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“თითოეული თქვენგანის ოჯახს მადლობა უნდა გადავუხადოთ ასეთი ადამიანების გვერდში დგომის და აღზრდისთვის. ათი წელი გავიდა. ეს ჩვენი, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღეები იყო. ეს დღეები გვემახსოვრება ყოველთვის, სანამ ამ თავგანწირვის ერთადერთი მიზანი მიღწეული არ იქნება. აბსოლუტურად გულწრფელად, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ თქვენ მიმართ და რა თქმა უნდა, ამ ბავშვების მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ჩვენი ვალია და ამას, გარწმუნებთ, პირნათლად შევასრულებთ. ამ ადამიანების და ქვეყნის მიმართ ჩვენი ვალი შეგვიძლია, აღვასრულოთ, პირველ რიგში, ბავშვების, ახალგაზრდების და თქვენი მხარდაჭერით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სამინისტროში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებული იქნება ის ხალხი, ვინც ღირსეულად გააგრძელებს გზას, რა გზითაც ამ ხალხმა იარეს და თითოეული ადამიანისთვის ეს იქნება ღირსებისა და ადამიანობის საკითხი.

„ამიტომ, ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი და მერწმუნეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. მადლობა კიდევ ერთხელ. დაღუპული 14 პოლიციელი, 5 მესაზღვრე. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო დიდია, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ ადამიანს უდიდესი ფასი აქვს ამ ქვეყნისთვის და ამ სამინისტროსთვისაც. ამიტომ, იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი სახლი. როცა საჭირო იქნება, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ და თითოეული ჩვენგანი იქნება ვალდებული და მზად, შესაბამისად გამოგიწოდოთ თანადგომის და ერთგულების ხელი, რასაც ღირსეულად და სიამოვნებით შევასრულებთ. მადლობა და იცოდეთ, რომ ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც არის,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს წელს მატერიალური დახმარება გაორმაგებული თანხით გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.

დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილებს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.