გიორგი გახარია - სამეგრელოში თხილის აღება უკვე დაწყებულია, საპროგნოზო ციფრი არის 50 000 ტონა, რომლის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი
სამეგრელოში თხილის აღება უკვე დაწყებულია, საპროგნოზო ციფრი არის 50 000 ტონა, რომლის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეთხილეობა უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც სამეგრელოსთვის, ისე ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისთვის.
„რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად იყო რთული, ბევრი შეზღუდვა გვქონდა ეკონომიკურადაც, კრიზისი იყო, მაგრამ არც ერთი დღით სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, არ გაჩერებულა, ამიტომ, როგორც შედეგი, გვაქვს, მაგალითად, ატმის მოსავალი კახეთში. ატმის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილია დაახლოებით ორჯერ. ქართლში უახლოეს პერიოდში დაიწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 ათას ტონას ველოდებით. ახლა ვართ სამეგრელოში, თხილის აღება უკვე დაწყებულია და საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 ათასი ტონა. 50 ტონის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა, ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი, მაგრამ იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, ამ მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს ფაქტი აღიარებულია.
„არიან ქვეყნები, უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულები ებრძვიან ფაროსანას და მაინც ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა სამი-ოთხი წელი. ბუნებრივია, ჯერ სრულად დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას დაემატა გლეხში, ფერმერში მეტი ცოდნის შესვლა. მახსოვს, ბავშვობაში თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, ახლა კი თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, სახელმწიფოს, ფერმერისა და კოოპერატივების ერთობლივი მუშაობა და გვექნება შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.