გიორგი გახარია - სახელმწიფოს დახმარებით მეტმა გლეხმა უნდა დაიწყოს თავისი საქმე, ჩამოასხას ახალი ღვინო და ხარობდეს, როდესაც ქვეყანაში კარგი მოსავალია
გიორგი გახარია - სახელმწიფოს დახმარებით მეტმა გლეხმა უნდა დაიწყოს თავისი საქმე, ჩამოასხას ახალი ღვინო და ხარობდეს, როდესაც ქვეყანაში კარგი მოსავალია

კიდევ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს ახმეტაში, სახელმწიფოს დახმარებით მეტმა გლეხმა უნდა დაიწყოს თავისი საქმე, მეტმა მეღვინემ ჩამოასხას ახალი ღვინო და მეტი გლეხი ხარობდეს, როდესაც ქვეყანაში კარგი მოსავალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახმეტაში ბევრი პროექტი განხორციელდა და ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც გასაგრძელებელია.

„დიდი სიამაყეა, ვიყო აქ, თქვენთან და ვისაუბრო აქედან ახმეტისა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, თქვენთან ვსაუბრობთ და ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც გასაგრძელებელია. ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, ახმეტის რაიონში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ფერმერმა და ამ პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 66 მილიონ ლარზე მეტი იყო, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. კიდევ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს ახმეტაში. კიდევ უფრო მეტმა გლეხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და საელმწიფოს დახმარებით უნდა დაიწყოს თავისი საქმე. კიდევ უფრო მეტმა მეღვინემ უნდა ჩამოასხას ახალი ღვინო, კიდევ უფრო მეტი გლეხი უნდა ხარობდეს, როდესაც ქვეყანაში კარგი მოსავალია და სახელმწიფო ეხმარება რთველის ჩატარებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, წლის ბოლომდე დასასრულებელია ახმეტის 24 საათიანი წყალმომარაგება, ასევე 2021 წელს დასასრულებელია მატაანის წყალმომარაგების პროექტი.

„ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი – მაგალითად, წლის ბოლომდე დასასრულებელია ახმეტის 24 საათიანი წყალმომარაგება, 2021 წელში დასასრულებელია მატაანის წყალმომარაგების პროექტი, მაგალითად, რამდენიმე წელია ამაზე საუბარი, რომ მატაანელები ითხოვენ კულტურის სახლის რეკონსტრუქციას, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ. ბევრი გზა არის კიდევ გასაყვანი. ბევრი კარგი საქმე, რომელიც დაწყებულია, არის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანი. როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა. ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად რა პრობლემაა, სად ვინ არის მისახედი, ეს არის ადამიანი, რომელიც მზად არის, არჩევნების მეორე დღიდან დაიწყოს საქმის კეთება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიიღო, არის მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში, რაც აუცილებელი პირობაა, ნებისმიერ სფეროში განვითარებისთვის.

„ის სიკეთეები, რომელიც თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ მივიღეთ 2012 წლის შემდეგ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. მშვიდობა და სიმშვიდე არის აუცილებელი პირობა, ნებისმიერ სფეროში განვითარებისთვის, სხვანაირად ვერაფერი ვერ იქნება – ვერც ეკონომიკა, ვერც ტურიზმი ვერც განათლება. მშვიდობა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ამის შემდგომ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ახალგაზრდაზე, რომ მისცეს შესაძლებლობა, გამოაჩინოს თავისი თავი, თვითრეალიზება მოახდინოს და შემდგომ ემსახუროს თავის ქვეყანას. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი მიზანი და ახმეტელებთან ერთად, ყველანი ვიბრძოლებთ წარმატებული საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.