გიორგი გახარია - სახელმწიფომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის ზურგს ამოეფაროს, არამედ პასუხისმგებლობა აიღოს და კონსტიტუციური უფლებები დაიცვას
საქართველოს მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხის პოლიტიკურად ფრიალი არაგონივრულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას შეუერთდება თუ არა მისი პარტია „თბილისი პრაიდის“ მიერ შემუშავებულ მემორანდუმს, რომელსაც ხელი 15-მა პარტიამ მოაწერა.
გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მემორანდუმს არ შეუერთდება.
„პარტია „საქართველოსთვის“მემორანდუმს არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო – პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერ შინაარსობრივს ან კონკრეტული მიზნისკენ გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავ. საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხის ასე პოლიტიკურად ფრიალი მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ – სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის ზურგს კი არ ამოეფაროს, არამედ თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას იღებდეს“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 მაისს „თბილისი პრაიდმა“ შეიმუშავა მემორანდუმი, რომელსაც 15 პოლიტიკური პარტია შეუერთდა. მემორანდუმის მიხედვით, სწორედ პარტიებმა უნდა უზრუნველყონ თანასწორობა, განურჩევლად გენდერისა და სექსუალური ორიენტაციისა.