სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას, რათა ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რუსთავი არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერისა და გაძლიერების ერთ-ერთი ფუნდამენტი, ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას, რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია.
„დღეს, როდესაც ჩვენ რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დღეს, ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თითოეულ სამუშაო ადგილს ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ქვეყანამ, განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების, ბიზნესის, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამავდროულად უკვე უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს. სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული და დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მერწმუნეთ, რომ უმკაცრესად გაკეთდება. რაც აქამდე ხდებოდა, მარტივია, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარია.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა – ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას.
„ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების და ეკოლოგიის ფასად. ამიტომ, ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიებმა, რომლებიც რა თქმა უნდა, დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქმნიან, გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ. ეს კანონმდებლობა ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან და აქ არანაირი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ადრე უნდა გაკეთებულიყო? დიახ, უნდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მერწმუნეთ, დღესაც, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ის მწირი სახელმწიფომ რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, სამართლიანად გადავანაწილოთ, რასაც ვცდილობდით და ვცდილობთ, გავაკეთოთ პანდემიის პირობებში. ეს იყო ძირითადი პრინციპი, როდესაც ჩვენ ვგეგმავდით და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზეთ სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული. ეს იყო ის, როგორც ვეხმარებით ბიზნესებს სექტორულად, ტურიზმი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სფერო თუ ინდუსტრიული კომპანიები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ისივე თქმით, სამართლიანობა იქნება ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თუმცა არსებობს სტრუქტურული, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემური მიმართულებები, სადაც ჩვენ შემდგომი წლების განმავლობაში რეფორმები დაგვჭირდება, ეს არის ჩვენი ბავშვები და მათ განათლებაზე ზრუნვა.
„ხელისუფლების და მთავრობის პასუხი ამ გამოწვევაზე იყო განათლების რეფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა კრიზისისა, არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, რადგან ჩვენს შვილებს, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება, ქვეყნის დატოვებისას უნდა შეეძლოთ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურენცია და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი შვილების წინაშე. ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები, რომელთა ჯანმრთელობაზე და ელემენტარული სოციალური დონის შენარჩუნებაზე სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას იმისთვის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის, რის ირგვლივაც ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში მოგვიწევს ტრიალი, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი მიმართულებები, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლები დასჭირდება, რომ ნორმალურ ევროპულ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. გზები, წყალმომარაგება, რომელიც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უაღრესად დიდი პრობლემაა, რუსთავშიც მათ შორის. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და მათი ფინანსური მოცულობა რა თქმა უნდა, გაიზრდება. რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უამრავია საშრომი ჯერ კიდევ, მაგრამ ძირითადი პრინციპია, რომ დაწყებულია ბევრი უაღრესად კარგი საქმე და ეს საქმეები ერთად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში.
„ნინო ლაცაბიძე ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში – სკვერების, ბაღების რეაბილიტაციის პროცესში, უკვე ჩართულია. იგი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.