გიორგი გახარია - სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ვისაც სჭირდება, ჯანმრთელ, განათლებულ ადამიანს კი, შეუქმნას პირობები, რომ პირველ რიგში, თავის თავს და მერე სხვებსაც მიეხმაროს
სახელმწიფო ვალდებულია და სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება; ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს უნდა შეუქმნას პირობები, რომ იგი, პირველ რიგში თავის თავს მიეხმაროს, ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და მერე სხვებსაც მიეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას, სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამის ძალიან კარგი მაგალითია ნიქოზის სანერგე მეურნეობის მფლობელი, გიორგი მჭედლიშვილი.
„ეს არის სწორი მიდგომა და ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი. მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის და როგორც გორის ვაშლის ბაღებიდან წამოვიღეთ ერთი-ორი კარგი იდეა და გავაკეთეთ, მითხარით რაღაც ისეთი, რასაც წავალ და რაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ. აქ ლოკალურად, თუ რაღაც დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს უფრო ძლიერად შევხვდეთ ეკონომიკურად, ამისთვისაც შემიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ეფექტური და რეალისტური და არა ისეთი, რომ გამიუქმეთ გადასახადები. მარტივია ასე ყველაფრის მოთხოვნა. რეალურად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება,“ – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიას მართავს, მაინც დიდი რისკის ქვეშაა და მნიშვნელოვანია მუდმივი სკრინინგი ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის მიზნით.
„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ვმართავთ ეპიდემიას ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და გეოგრაფიის თვალსაზრისით. თუმცა, თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ, ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების სწრაფი მექანიზმები უნდა იყოს ქვეყანაში, უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, რათა ინფიცირება გამოვლინდეს სწრაფად.
შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და დაუბრუნოს თავის სამუშაო ადგილს, ეკონომიკას, ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში, მეცნიერი – ინსტიტუტში, მოსწავლე – სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ ოთხ-ხუთ თვეში, რადგან არავინ იცი რა იქნება. სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებაში, ხან ამბობენ, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან კი, ამბობენ, რომ არ იქნება. ხან ამბობენ, რომ ხუთ თვეში იქნება ვაქცინა, ხან ამბობენ, რომ ორი წელი კიდევ არ იქნება. გაურკვევლობაა, დიდი გაურკვევლობა, ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.